მარგველაშვილის ვარაუდით, პრემიერს მასთან დაპირისპირებისკენ მთავრობის ზოგიერთი წევრი უბიძგებდა

მარგველაშვილის ვარაუდით, პრემიერს მასთან დაპირისპირებისკენ მთავრობის ზოგიერთი წევრი უბიძგებდა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვარაუდით, პრემიერ-მინისტრს მასთან დაპირისპირებისკენ თავად მთავრობის ზოგიერთი წევრი უბიძგებდა.

როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ მას ბევრი მინისტრი აკრიტიკებდა.

"არც ერთი მწვავე განცხადება არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ჩემს მიმართ და არც ჩემი მხრიდან ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. იყო მთავრობის წევრების მწვავე განცხადებები ჩემს მიმართ. როცა შენი მთავრობის ბევრი მინისტრი მკაცრად, ზრდილობის ზღვარზე აკრიტიკებს პრეზიდენტს, ალბათ, იგივე ხალხი ამას "ისედაც" საუბრობდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პრემიერ მინისტრს ეს არ გაუკეთებია. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან რთულ ვითარებაში, როცა, ალბათ, ბევრი უბიძგებდა, რომ ჩემთან ყოფილიყო დაპირისპირებული, ეს არ დაუშვა", - განმარტა მარგველაშვილმა და შეკითხვაზე, კონკრეტულად, ვის შეიძლებოდა მასსა და პრემიერს შორის დაპირისპირებისთვის ბიძგი მიეცა, აღნიშნა: "არ ვიცი, პოლიტიკაში ასე ხდება". ქვეყნის პირველი პირის თქმით, "ამ მომენტში" მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის ვერანაირ დაძაბულობას ვერ ხედავს.