"ჩვენ არ ვუფრთხილდებით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის წესით მნიშვნელოვანი უნდა იყოს"

გიორგი მარგველაშვილმა "მოემბის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის ტრიბუნიდან მის მიერ ნათქვამი სიტყვები განმარტა, სადაც ის პოლიტიკოსების დისკრედიტაციისგან დაცვაზე საუბრობდა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება იმ ადამიანებს უნდა გაუფრთხილდეს, ვინც ქვეყანას ემსახურება.

"არც ალასანია მიმაჩნია დისკრედიტირებულად და ბუნებრივია, არც კირვალიძე. მიუხედავად იმისა, რომ მათი დისკრედიტაცია არ მომხდარა, ეს ის პროცესია, სადაც ჩვენ არ ვუფრთხილდებით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის წესით მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ჩვენს მინისტრებს, იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უკეთესი სოფლის მეურნეობა, უკეთესი თავდაცვისუნარიანობა გვქონდეს, უკეთესი სამართალდამცავი გვყვავდეს, უკეთესი განათლება გვქონდეს. ამ ადამიანების გაწირვის ტენდენცია, ამ ადამიანებთან ასეთი ღია დაპირისპირებები და კამპანიები, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის სასიამოვნო არაა. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ ბუნებრივია, შესაბამისი მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ ჩემთვის მტკივნეული სწორედ ესაა, თუნდაც კირვალიძის შემთხვევაში, რომ ადამიანი წავიდა მინისტრობიდან იმ დათქმით, რომ როდესაც გამოჩნდებოდა ვითარების დარეგულირება, ისევ დაუბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით არაფერი აღარ მომხდარა. ნათლად გამოჩნდა, რომ მაშინ საქმე კორუფციასთან არ გვქონდა, ბრალდებები, რომელიც მან პოლიტიკურად საკუთარ თავზე აიღო რეალურად უსაფუძვლო იყო და არავინ არ თქვა, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთი ჩვენთაგანია, ჩვენი თანამებრძოლი და ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ექსპერტია სოფლის მეურნეობის დარგში. გვაქვს იმის ფუფუნება ქართველებს, რომ ასეთი ექსპერტი რაღაც ლოკალური სკანდალის გამო, რომელიც რეალურად სკანდალიც არ აღმოჩნდა, ამის გამო დავკარგოთ?" - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი ეს ასეთი დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟის და განხილვის საგანი არ უნდა გამხდარიყო.

"ირაკლისთან მიმართებაში მე არანაირად არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და არანაირად არ მინდა კომენტარები გავაკეთო გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლი ნატო-ს  როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად, მათ შორის გამჭვირვალე სისტემის აგების საქმეში. თუ რაღაც პრობლემა იყო, ვფიქრობ, ეს არ უნდა გამხდარიყო ასეთი დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟის და განხილვის საგანი" - განაცხადა მარგველაშვილმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში.