მარგველაშვილმა

მარგველაშვილმა "ნაცმოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის სხდომის დატოვებას უსიამოვნო ფაქტი უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის სხდომის დატოვებას უსიამოვნო ფაქტი უწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

"მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს და პატივისცემა გამოვხატო მათდამი. მინდა გამოვეხმაურო დავით უსუფაშვილის რამდენიმე მოსაზრებას, პირველ რგიში, მინდა მადლობა ვუთხრა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მასთან კოორდინირებული მუშაობის შემდეგ მოხდა კონსტიტუციური მუხლის - პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გაცოცხლება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტში გამოსვლის პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ პარლამენტმა სიტყვით გამოსვლის ფორმატი შეარჩია და არა დებატები.

"მინდა მივმართო დეპუტატებს, რომ თუ დებატები საჭიროა, ამას წყვეტს პარლამენტი. ვიზაირებ დავით უსუფაშვილის შეხედულებას და მიმაჩნია, რომ პარლამენტმა დღეს მოახდინა ამ მუხლის ინტეპრპრეტაცია, რაც გამოგვადგება. მინდა გამოვთქვა გულისტიკვილი, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა პარლამენტის კედლებში. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა შეხვედრა. ჩემი პათოსი მიმართული იყო იქითკენ, რომ მინდოდა ურთიერთობა ყველა დეპუტატთან. ჩემთვის მძიმე და უსიამოვნო იყო რომ დატოვეთ პარლამენტის დარბაზი", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა უმცირესობას.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა მოისმინა, თუმცა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზი დატოვა.