პრეზიდენტის მოხსენება საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა არ იყო

პრეზიდენტის მოხსენება საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა არ იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა, როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული.

როგორც უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიმართვის შემდეგ, საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, პრეზიდენტმა დეპუტატებს მოსაზრებების ფართო სპექტრი წარუდგინა.

უსუფაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა ქვეყნის პირველი პირის შეფასებები, ის, როგორც საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პირის მოსაზრებები, მნიშვნელოვანია.

"პარლამენტთან ერთად პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების არჩეულია და მისი მოსაზრებები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, არ ეთანხმება, ბოლომდე არ იზიარებს, არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს ყველაფერი. დღეს ბატონმა პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, წარმოადგინა მოსაზრებების ფართო სპექტრი და ეს, ცხადია, არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულებების თაობაზე მიმართვა - თავდაპირველად თითქოს მისი გამოსვლა ამ თემებს ეძღვნებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა განგვიმარტა, რომ კონკრეტულად ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებში მან თავისი გადმოსახედიდან ფართო პრობლემები თუ ფართო თემები დაინახა, რომელსაც შეხმიანება სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები არავისთვის იყო სასიამოვნო.

"არავისთვის არ იყო სასიამოვნო ის, რაც მოხდა, და არავის წარმოგვედგინა, რომ უცებ, საგარეო პოლიტიკური მიმართულების წამყვანი პირების გარეშე დარჩებოდა მთავრობა. მე ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი და თეორიულად არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი კოლეგების – "თავისუფალი დემოკრატების" გარეშე ვიქნებოდით ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დიახ, ეს იყო მოულოდნელობა და იმ მასშტაბის მოულოდნელობა, რომლის თავიდან აცილებისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ამ მოულოდნელობებთან ერთად ჩვენ ქვეყნის მართვა გვავალია და იმ გეზით და იმ სწორი კუთხით წარმართვა, რომელზეც შეჯერებული ვართ, რის გამოც აგვირჩია საქართველოს მოსახლეობამ, რის საფუძველზეც დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობა – იმ გადაწყვეტილებებს, რაც მივიღეთ, სჭირდება შესრულება. როგორც ჩანს, ბატონი პრეზიდენტის გადმოსახედიდანაც საგარეო პოლიტიკური კურსის საფრთხის ქვეშ ყოფნის თემა არ არის ძირითადი თემა, რომელზეც მან პოზიცია გამოხატა. ამ ნაწილში მე მგონი ყველა ერთიანი ვართ პარლამენტიც, პრეზიდენტიც და მთავრობაც - საგარეო პოლიტიკური კურსი, ისე როგორც განსაზღვრულია ჩვენი საარჩევნო დოკუმენტებით, საარჩევნო პროგრამით, რჩება უცვლელი, მაგრამ ამ კურსის ეფექტურ აღსრულებას სჭირდება ძალიან ბევრი მიმართულებით უკეთესი შრომა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.