ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს

ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ ყველა ერთიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს.

"მიმაჩნია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ ერთიანები ყველა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება. ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს. რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ამიტომ, დღეს მე მოვედი თქვენთან, რათა ქვეყნის ევროპეიზაციისთვის ამ გადამწყვეტ დროს ვიყოთ ერთიანი და შესაბამისი რეფორმების დროული განხორციელების მეშვეობით დავაჩქაროთ ხალხის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული ამოცანის - ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესრულება", - მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოყენებული იყოს, რათა საქართველოს პრობლემატიკა ინტესიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში.

"ერთი თვის წინ, ჩემი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთ აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ განცხადებაზე დაყრდნობით მოვიწვიე უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ გამოწვევის საპასუხო სტრატეგიაზე. პარალელურად მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე - ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორეს მხრივ ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და ავსტრიაში, შეხვედრები გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული თემას - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ისე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში. დღეს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტესიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის "პრივილეგირებული ინტერესების სფეროების" კონფრონტაციული პარადიგმის ცვლილება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.