მარგველაშვილი პარლამენტს კანონების ცალკეული ნორმების გადავადების პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს

მარგველაშვილი პარლამენტს კანონების ცალკეული ნორმების გადავადების პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას.

"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს პარლამენტში ეფექტურად ფუნქციონირებდეს ნდობის ჯგუფი. სწორედ ნდობის ჯგუფის ბერკეტის ეფექტიანად ამოქმედება უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც ასე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფორმატში ასამოქმედებლად. ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისთვის უნდა დავასრულოთ კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკა. ამის მაგალითებია თუნდაც ფარული მიყურადების, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეთა განხილვის, მოწმეთა დაკითვის წესის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გადაწევა. ბუნებრივია, პარლამენტს უფლება აქვს, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით შეაჩეროს ან გადაავადოს ნორმატიული აქტების მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა იღებდეს პერმანენტულ ხასიათს. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლებების რეალიზაცია, არამედ ამ უფლების არსეობაც კი", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს.

ამის პარალელურად, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს მის მიერ გამოყენებული ვეტოს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.

"აქვე მინდა გითხრათ მადლობა ვეტოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სხვათაშორის, პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.