დღეს ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია ევროპული კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, იმ ფაქტმა, რომ აწ უკვე ყოფილ სამ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება.
"მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგან თქვენ ხართ ჩემი სამშობლოს მოქალაქეთა განხორციელებული დემოკრატიული ნება. ამასთან, მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ, არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდბელო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე.
კონსტიტუციურად პარლამენტის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს ფუნქცია გადამწყვეტია. თქვენ არა მხოლოდ განსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ აკონტროლებთ აღმასრულებელი ხლეისუფლების საქმიანობას.
ახლა, როცა პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში და კრიზისულმა ვითარებამ მმართველ კოალიციაში გამოიწვია სამი მინისტრის გათავისუფლება და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა, მე ბუნებრივად მოგმართავთ თქვენ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.
იმ ფაქტმა, რომ სამივე აწ უკვე ყოფილ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დემონსტრირება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მესამედ მასპინძლობს.