"ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები შსს-ს წარმომადგენლებთან გაიმართება, სადაც აქციის გამართვის დეტალები შეთანხმდება.
"შევათანხმებთ რომელი ქუჩებიდან იქნება ადამიანების დინება. ასევე, როგორც წარიმართება მსვლელობა რუსთაველზე, სად შეიკრიბებიან ადამიანები და აშ. ასევე ვაპირებთ გადავცეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცუდად იქცევა შს სამინისტრო რეგიონებში, კერძოდ, აშინებენ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლებს, რომ მათ დემონსტრაციაზე დასწრების მსურველები არ წამოიყვანონ რეგიონებიდან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, შეხვედრას უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი დაესწრება. რაც შეეხება დღეს შსს-თან კონსულტაციების გამართვას, ჯაფარიძის თქმით, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით დაიგეგმა, რასაც შს სამინისტრო დაეთანხმა.