მამუკა ჩხაიძე პროკურატურის მოწმე იყო, თუმცა მან ექსპერტ ლევან ჩაჩუას პოზიცია გაამყარა

მამუკა ჩხაიძე პროკურატურის მოწმე იყო, თუმცა მან ექსპერტ ლევან ჩაჩუას პოზიცია გაამყარა

გარდაცვლილი ექსპერტი მამუკა ჩხაიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას საქმეზე პროკურატურის მოწმე იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩაჩუას ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, ჩხაიძე სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩხაიძე პროკურატურის მოწმე იყო, მან გაამყარა ბრალდებული ჩაჩუას პოზიცია.

"მას ჩვენება აქვს მიცემული, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში. ის იყო დასკვნის თანაავტორი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მომზადდა. მან თქვა, რომ ჟვანიას ცხედარს გარეგნულად არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა, რაც შეეხება, მიკროსკოპულ დათვალიერებას, რაც თავის ტვინის დათვალიერებას გულისხმობს, მან თქვა, რომ იყო რაღაც ჩაქცევა, თუმცა დიდი ალბათობით ეს ჩაქცევა უკავშირდებოდა გაზით გარდაცვალებას, რომლის დროსაც, დამახასიათებელია მსგავსი ჩაქცევები. მან აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა ექსპერტიზის დასკვნას. ამით მან გაამყარა ლევან ჩაჩუას პოზიციები", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამასთან, მისი თქმით, ჩხაიძეს და ჩაჩუას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და სასამართლოში დაკითხვისას ერთმანეთი მოიკითხეს კიდეც.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია.

"ეს ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, საკუთარ სახლში. ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა", - განაცხადეს შსს-ში.

მამუკა ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ის რამდენჯერმე პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.