საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას კვლავ ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას კვლავ ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას კვლავ ითხოვს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, აუცილებელია დებატების ჩატარება, რათა საზოგადოებას მიეცეს იმის შესაძლებლობა გაარკვიოს რას ფიქრობს თითოეული დეპუტატი.

,,პრეზიდენტის მოსვლასთან დაკავშირებით ვიცით უკვე როგორია უმრავლესობის გადაწყვეტილება. კარგი იქნება თუკი ოპოზიციასაც ექნება გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან როგორც ვიცით, უმრავლესობის სახელით დავით უსუფაშვილიც აპირებს სიტყვით გამოსვლას. ჩვენ ამაზე პრეზიდენტსაც მივმართეთ და ისიც თანახმაა. ნორმალურ და ცივილიზებულ პარლამენტში ყველას უნდა ქონდეს თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, რათა ხალხმა გაიგოს, რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ საკითხზე ოპოზიციას", - განაცხადა ბარამიძემ.

უმცირესობის წევრის ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ბარამიძეს ისევ შეახსენა ბიუროს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა წარიმართოს პრეზიდენტის გამოსვლა პარასკევს პლენარულ სხდომაზე.

,,პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი შეთანხმებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ის სწორ და დელიკატურ განცხადებას აკეთებს, რომ ნებისმიერ ფორმატზე თანახმაა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი პრეზიდენტმა მიანდო პარლამენტს. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, ის როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი არ აპირებს გამოსვლას პლენარულ სხდომაზე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ბიუროს სხდომაზე.

14 ნოემბერს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა.