გოგი თოფაძე არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლა პროდუქტებში კონსერვანტების სიჭარბეს გამოეწვია

გოგი თოფაძე არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლა პროდუქტებში კონსერვანტების სიჭარბეს გამოეწვია

დეპუტატი გოგი თოფაძე სურსათის ხარისხზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობას ხედავს. აღნიშნულთან დაკავშირებით თოფაძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავდნენ.

თოფაძის აზრით, მავნე პროდუქტის რეალიზაციაზე საჯარიმო საქცია უნდა გაიზარდოს.

"მავნე პროდუქტს რომ აღმოაჩენ, საწარმოს მხოლოდ 400 ლარით დაჯარიმება არ არის რეალური. მიმაჩნია, რომ სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს და ერთნაირად არ უნდა დაისაჯოს ის, ვინც 50 კილოგრამ უხარისხო ბრინჯს შემოიტანს და ის ვინც 2 ტონას შემოიტანს. უფრო სერიოზული სანქციები უნდა იყოს.

მაგალითს მოვიყვან: 850 ჯარისკაცი რომ მოიწამლა ერთ-ერთ უწყებაში, ცნობილი ქიმიკოსები, ვინც ამაში ჩაერია სხვა რამეს ამბობებ – პროდუქტებში სწორედ დანამატები და კონსერვანტები იყო ჭარბად, რომელიც რეაქციაში შედის ორგანიკასთან და წარმოიქმნა ალერგენი, რითიც დაავადდა 850 კაცი. ამიტომ კონტროლი აუცილებელია. ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას. სურსათის უვნებლობის საკითხი უნდა დადგეს ვრცელ კონტექსტში", - განაცხადა თოფაძემ.

მისივე აზრით, უნდა მოხდეს ლაბორატორიის შექმნა და სპეციალური აპარატურის შეძენა, რომელიც სურსათზე ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს.