არის შესყიდვები, რომლებიც ალასანიას პერიოდს ეხება და, რომელზეც გვაქვს კითხვები

არის შესყიდვები, რომლებიც ალასანიას პერიოდს ეხება და, რომელზეც გვაქვს კითხვები

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესწავლა თავად უწყების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

როგორც ლაშა თორდიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში შევიდა.

"თავდაცვის სამინისტროს შემოწმება დაიწყო 2013 წლის 7 ივლისიდან და ვამოწმებთ 2011, 2012 და 2013 წლების პერიოდს. ეს, მათ შორის, თავად თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რომელიც აუდიტის სამსახურში შემოვიდა. ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებმაც, როცა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით ვიმყოფებოდი, მკითხეს, როდის ვაპირებდით თავდაცვის უწყების შემოწმებას - ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული და დავიწყეთ ამ სამინისტროში მუშაობა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს. თორდიას ინფორმაციით, ეს როგორც ირაკლი ალასანიას მინისტრობის, ისე მისი წინამორბედების მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.

"არის შესყიდვები, რომელიც ალასანიას წინამორბედი მინისტრების პერიოდში განხორციელდა და, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და არის შესყიდვები, რომლებიც ალასანიას პერიოდს ეხება და, რომელზეც ასევე გვაქვს კითხვები, თუმცა ჩვენი მასალები არ უკავშირდება არც ე.წ. კაბელების და არც სამხედროების კვების თემას, რაზეც მთავარმა პროკურატურამ ისაუბრა - არის სხვა ტიპის შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები, თუმცა, ვინაიდან მათ გრიფით "საიდუმლო" ადევს, არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალებზე ვისაუბრო. საერთო ჯამში, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები", - განმარტა გენერალურმა აუდიტორმა.

ლაშა თორდიას თქმით, მასალები პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია.

"როგორც იცით, თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონს შეადგენს. ვინაიდან ჩვენ 3-წლიან პერიოდს ვიკვლევთ, ერთიანად, დაახლოებით 3 მილიარდის მოცულობის ფინანსების შესწავლა გვიწევს. უკვე წელიწადი და 3 თვეა, შემოწმების პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ მასალებს პროკურატურაში პერიოდულად ვაგზავნიდით - როგორც კი ვნახულობდით, რომ რომელიმე შესყიდვასთან დაკავშირებით იყო დანაშაულის ნიშნები ის საგამოძიებო ორგანოში იგზავნებოდა", - აღნიშნა თორდიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბოლოო ანგარიში ჯერ არ შეუდგენია. გენერალური აუდიტორის ვარაუდით, უწყების შემოწმება თვენახევარში დასრულდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ მასალებს პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფსაც გადაუგზავნის.

თავდაცვის სამინისტროს 2011, 2012 და 2013 წლებში შესაბამისად, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი და ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდნენ.

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პარლამენტში ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

როგორც საგანელიძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა პარლამენტში შესაბამისი ანგარიში წარმოადგინოს.