რაღაც განსაკუთრებულს იმაში, რომ აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა, ვერ ვხედავ

რაღაც განსაკუთრებულს იმაში, რომ აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა, ვერ ვხედავ

რაღაც განსაკუთრებულს იმაში, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა, ვერ ვხედავ, – ამის შესახებ კომენტარი თეა წულუკიანმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ გააკეთა.

"აუდიტის სამსახური არა მხოლოდ თავდაცვის სამსახურში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც იყო შემოსული", - განაცხადა თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რაღაც განსაკუთრებულს, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა დადო, ვერ ხედავს.

"ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან, შემოწმებული ვართ, ჩვენთან დაკავშირებითაც მოამზადა დასკვნა, რომელსაც ველოდებით, რომ მივიღებთ. ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა, მე პირადად, ვერ ვხედავ, რადგან იუსტიციის სამინისტროშიც იყო აუდიტის სამსახურის შემოსული და ეს ჩვეულებრივი შემოწმების პროცესია. მეც ველოდები ჩემს სამინისტროსთან მიმართებაში რას იტყვის აუდიტის სამსახური", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მან განმარტა, აუდიტის სამსახურის მასალებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესახებ არის მომზადებული არ იცნობს და შეფასებას ვერ გააკეთებს.

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის.

`ის მასალები, რომლებიც ჩვენს მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს", - განაცხადა თორდიამ.

მისივე განმარტებით, აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.

აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებული სამუშაოების საკითხს სწავლობს.

აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების შედეგად არსებული მასალების პარლამენტისთვის გადაგზავნა გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა.