ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ბრალდებულებისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ბრალდებულებისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე საქმეში ბრალდებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"4 ნოემბერს გავაკეთე კომენტარი და სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი", - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მედეა ბეთაშვილმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულ საკითხზე განცხადება 4 ნოემბერს გაკეთდა.

როგორც პროკურატურაში ითქვა, 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაოს შეფარდებას ითხოვს.