ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და თავი აარიდოს ნებისმიერი სახის ქმედებასა და განცხადებას, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ ინციდენტის გამოძიებისკენ", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფისა და სამი თანათავმჯდომარის ძალისხმევას.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ორივე მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან ან რაიმე სახის მუქარისგან ძალის გამოყენების თაობაზე, ასევე განაახლოს ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე.

გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი "მი-24" აგდამის რაიონის სოფელ კენგერლიდან 1 700 მეტრის დაშორებით ჩამოაგდო. სომხური მხარის განცხადებით, ვერტმფრენი სასაწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20% სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხური მხარე. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეთანხმებას ორივე მხარე არღვევს და გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.