ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე თავდაცვის სამინისტროსა და კვების კომპანიის თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებული პირების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულ საკითხზე განცხადება 4 ნოემბერს გაკეთდა.

როგორც პროკურატურაში ითქვა, 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქემზე ბრალი წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.