აშშ-მა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა

აშშ-მა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის სამანტა ფაუერის განცხადებით, რუსეთი ომს აღვივებს უკრაინაში მაშინ, როცა მშვიდობაზე ლაპარაკობს.

"არც რუსეთი, არც სეპარატისტები მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ. ნაცვლად ამისა, სეპარატისტებმა ისარგებლეს საბრძოლო მოქმედებებში პაუზით და შეეცადნენ თავიანთი ტერიტორიის გაფართოებას. უკრაინა კი, თავის მხრივ, ასრულებდა მინსკის შეთანხმებას და იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტები გააქტიურდნენ, მათ შორის დონეცკის აეროპორტის გარშემო და მარიუპოლში", - განაცხადა სამანტა ფაუერმა გაერო-ს საგანგებო სხდომაზე. 

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებებს, შემდეგ კი მათ არ ასრულებს.

5 სექტემბერს, მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" გამუდმებით არღვევენ შეთანხმებას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში რუსეთის საზღვრის მხრიდან დამატებითი მძიმე ტექნიკის შესვლის თაობაზე.