ადვოკატები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების გაცნობას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ

ადვოკატები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების გაცნობას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ

ადვოკატები და ოჯახი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების გაცნობას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, საგამოძიებო მასალების სრულად გაცნობის შემდეგ კიწმარიშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად მუშაობას დაიწყებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ამის შემდეგ კი, ოჯახი განცხადებას გააკეთებს გამოძიების მიმდინარეობის შეფასების მიზნით. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის წევრებს აღნიშნული ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია.