დღეს, აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებული სამხედრო ვერტმფრენი "მი-24" მთიანი ყარაბაღის არმიას ეკუთვნოდა. "პანარმენიან.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, ადგილი, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, აზერბაიჯან-ყარაბაღის შეხების ხაზზე გადის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანისიანმა კი დღევანდელ ფაქტს "გაუგონარი პროვოკაცია" უწოდა, რასაც, მისივე თქმით, მოჰყვება მტკივნეული შედეგები, "რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების სინდისზე იქნება".
ოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ ვერტმფრენმა მათ პოზიციებზე შეტევა განახორციელა, არასერიოზულია და ვერტმფრენის ნამსხვრევების შესწავლა დაადასტურებს, რომ მასზე შეიარაღება არ იყო. პრესმდივნის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგაც გააგრძელეს სროლა, რის გამოც მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ოვანისიანის თქმით, ეკიპაჟის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.