პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის განცხადებები, დებატების ფორმით პრეზიდენტის გამოსვლის წარმართვის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.

"მესმის პრეზიდენტის პოზიცია. ბუნებრივია, ის მზად იქნებოდა იმ ფორმატში მიემართა პარლამენტისთვის, როგორსაც დაადგენდა პარლამენტის ბიურო, იქნებოდა ეს დებატების ფორმატი, რასაც ითხოვდა უმცირესობა, თუ იქნებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაადგინა პარლამენტმა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი იქნებოდა მხოლოდ მიმართვა. ის არგუმენტები, რომელიც გამოთქვეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, არ მესმის და არ იყო არანაირი საფუძველი, გადაგვესინჯა ეს გადაწყვეტილებაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.