ოლეგ მელნიკოვს სავარაუდოდ კიდევ ერთ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ

ოლეგ მელნიკოვს სავარაუდოდ კიდევ ერთ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ოლეგ მელნიკოვს სავარაუდოდ კიდევ ერთ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ. სააპელაციო სასამართლომ ოლეგ მელნიკოვის , სოსო თოფურიძისა და დათა ახალაიას საქმეზე დღეს უნდა იმსჯელოს. აღნიშნული საქმე 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტს ეხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ მელნიკოვს დათა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინეს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამის საფუძველზე მელნიკოვის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა და მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და სოსო თოფურიძის მიმართ განაჩენი მიმდინარე წლის მარტში გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაედოთ, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 143-ე მუხლებით. დათა ახალაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ბრალდებაში, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, გამართლდა, დანარჩენ ნაწილში კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ოლეგ მელნიკოვი დაესწრება.