ჯორჯ სოროსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა

ჯორჯ სოროსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა

"ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" განუცხადეს , ჯორჯ სოროსი საქართველოს, ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვევა და 15 ნოემბერს საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.

მათივე ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა ფონდი ინტენსიურად გეგმავს საიუბილეო ღონისძიებებს. პირველი ასეთი ღონისძიება, ბათუმის მედიაკონფერენცია, სექტემბერში ჩატარდა. ნოემბერში გრძელდება საიუბილეო ღონისძიებები, სადაც ფონდი სხვადასხვა სფეროში თავისი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს. ნოემბერში, საიუბილეო ღონისძიებების დასკვნით კვირაში მონაწილეობის მისაღებად ფონდმა "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, "ღია საზოგადოების ფონდების" წარმომადგენლები და სხვა უცხოელი სტუმრები მოიწვია.

ამასთან, "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი საქართველოში 2012 წლის 1-2 დეკემბერს ორდღიანი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელმძღვანელობას - აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს. გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებს - ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, აგრეთვე,  პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.