დიდი ხანია ძლიერი გუნდის შექმნის პრობლემა დგას

დიდი ხანია ძლიერი გუნდის შექმნის პრობლემა დგას

ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კომენტარს უკეთებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის წარდგენას. როგორც ცნობილია, ბერუჩაშვილი ადრე მაია ფანჯიკიძის მოადგილედ მუშაობდა და როცა მინისტრმა და მოადგილეებმა თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადეს, მათ თამარ ბერუჩაშვილიც მიჰყვა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ მან შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ უბრუნდება თავის სამსახურს. მინისტრად წარდგენისას, როცა მას ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, მან განმარტა, რომ გადადგმული ნაბიჯი გამოწვეული იყო „ემოციებით და სოლიდარობის გრძნობით".

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

შეკითხვა: ბატონო გია, რითია განპირობებული პრემიერის გადაწყვეტილება, მას სურს, კიდევ ერთი მორჩილი მინისტრი ჰყავდეს თამარ ბერუჩაშვილის სახით?

გია ხუხაშვილი: პრინციპში, რაღაც ლოგიკა ამაში არის, რადგან ასეთ დროს გარედან სხვა ადამიანის მოყვანა პრობლემატური იქნებოდა. საჭირო იყო, ადამიანი შიგნიდან, სისტემიდან დანიშნულიყო - ისეთი ადამიანი, რომელიც მიმდინარე საქმეების კურსში იქნებოდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს უწყვეტად გააგრძელებდა. ამ თვალსაზრისით ასეთი არჩევანი გასაგებია. რასაკვირველია, არის კურიოზული მომენტებიც: თამარ ბერუჩაშვილის იმ ხმამაღალი განცხადებების შემდეგ თითქოსდა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, როცა ადამიანი რამდენიმე საათში ცვლის თავის პოზიციას, რა თქმა უნდა, არის რაღაც დაუხვეწაობის შთაბეჭდილება, მაგრამ მე ამაზე აქცენტის გაკეთება არ მინდა - რას ვიზამთ, ასეთი ამბები საქართველოში ხდება ხოლმე.

შეკითხვა: ჩვენ წინ გველოდება ევროინტეგრაციის საქმეთა მინისტრის დანიშვნაც. რაშია, თქვენი აზრით, დაყოვნების მიზეზი - პრემიერისთვის ძნელია შესაბამისი კანდიდატურის პოვნა?

გია ხუხაშვილი: ჩემთვის ძნელია ამის განსჯა. ის, რომ თამასა მთავრობაში ქვემოთ იწევს, ეს ფაქტია, თუმცა, არც ადრე ყოფილა ძალიან მაღალი. დღეს ხელისუფლების მიდგომები საკადრო პოლიტიკისადმი ისეთია, რომ არსებული კრიტერიუმებით ძნელია ნორმალური პროფესიონალების პოვნა. ვფიქრობ, ვიღაცას მოძებნიან. საქართველოში  ძლიერი პროფესიონალური გუნდის შექმნის პრობლემა დიდი ხანია დგას - ეს არ არის ერთი ან ორი წლის წინანდელი პრობლემა, ესაა ქრონიკული სახის მოვლენა, როცა გუნდი სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს.

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26686294.html