როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მეხსიერება ძალიან მოკლეა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრემიერ-მინისტრის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ის და მისი თანაგუნდელები ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაში დაადანაშაულა.
როგორც ფანჯიკიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, პრემიერი და მისი გუნდი "თავისუფალი დემოკრატების" დისკრედიტაციას ცდილობენ
"ჩვენს მიმართ პოლიტიკა არის ისეთი, რომ ჩვენ გამოგვიყვანონ იმ სიტყვების ობიექტებად, რომელიც მოვისმინეთ პრემიერისგან, ეს არის უჭკუო, მოღალატე, ავატურისტი, ნაციონალების ლობისტი და ა.შ. ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა. განცდა მაქვს, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" ადგილი ვერ მოუძებნეს ჯერჯერობით. არ იციან რა პარტიაა, რა როლს ითამაშებს და ა.შ. ამიტომ, ყველაზე უტყუარი მეთოდი, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგის გასანადგურებლად პოლიტიკური მკვლელობა აირჩიეს, რაც გულისხმობს, რომ ბრალი დაგვდონ ისეთ რაღაცეებში, რაც აბსოლუტურად შორს არის სიმართლისგან", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობის" არანაირი ლობირება არ მოუხდენია და ლაპარაკობდა ზუსტად ისე, როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერობის დროს.
"ირაკლი ღარიბაშვილს ამ თემაზე ჩემთან არასდროს უსაუბრია და მისი განცხადება ჩემთვის ადამიანურად ძალიან მოულოდნელი იყო. ამისი მოსმენა იყო ძალიან მძიმე. მინდა შევახსენო მასაც და ყველას, ვისაც აინტერესებს, რომ 2011 წლის ბოლოდან მე ვიყავი "ქართულ ოცნებაში, 2012 წლის თებერვლის ბოლოს დავინიშნე "ქართული ოცნების" პრესსპიკერად და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" უმსგავსო საქციელს პირველი აჟღერებდა ყოველდღე. ჩემთვის სასიცოცხლო ამბავი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. ამ იდეის გარშემო ვიყავით შეკრებილები, რომ სამშობლო გადაგვერჩინა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. მე არასდროს მიფიქრია საგარეო საქმეთა მინისტრობაზე. ეს შემოთავაზება იყო ჩემთვის დიდი სიურპრიზი. როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყოველდღე აკეთებდე კომენტარს იმის თაობაზე, თუ რა ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ", შემდეგ დაგნიშნონ მინისტრად და გახდე იმ ძალის ლობისტი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ებრძოდი?! ეს არ იყო უბრალო ბრძოლა, ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და ის რეპრესიული მანქანა ჩემ ოჯახზეც გამოვცადე. მე არ ვიცვლი მალე პოზიციას. მე ამ თემაზე საუბარი ჩემს უცხოელ კოლეგებთან გავაგრძელე ისე, როგორც ვლაპარაკობდი პრესსპიკერი, თუმცა, სხვა ფორმატში და სხვა ფორმით, მაგრამ არასდროს ეს რიტორიკა არ შეგვიცვლია. მეხსიერება როგორც ჩანს ძალიან მოკლეა ზოგიერთისთვის", - განახცადა ფანჯიკიძემ.