საქართველოს კურსი იქნება ევროპული. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დანიელ კოლეგა მარტინ ლიდეგორდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი ამოცანა იქნება მეტი ევროპა საქართველოში, ასევე, მეტი ნატო საქართველოში, ეს არის რთული ამოცანა. იმედი მაქვს, მთელი საგარეო უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კურსი იყოს წარმატებული", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას მოადგილეების შესახებ, მინისტრმა განაცხადა, რომ მოადგილეების დასანიშნად მას ცოტა დრო დასჭირდება. "მაგრამ დიდხანს ნამდვილად არ დავიცდით, რადგან ყველა ვიზიტი უნდა იყოს სრულფასოვანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალ იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთში და საქართველოს საგარეო უწყებიდან ამ ვიზიტში წარმოდგენილი იქნება დავით ჯალაღანია. რაც შეეხება 17 ნოემბერს დაგეგმილ ვიზიტს, სადაც ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, იქნებიან შესაბამისი პროფილის მინისტრები და საქართველოს ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.