დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, მათ აწუხებთ სამართლებრივი დევნა საქართველოს ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ამის შესახებ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაწუხებს კანონის უზენაესობის საკითხი, ასევე სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მაგრამ იმედი გვაქვს, შევძლებთ იმ არეალების მონიშვნას, რომელშიც დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ", - აღნიშნა მარტინ ლიდეგორდმა.
მანვე დღვანდელ პრესკონფერენციაზე თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა. ასევე, საქართველოს მიულოცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ახალ პერსპექტივებს უქმნის.
"ერთია მოაწერო ხელი შეთანხმებას, ხოლო მეორეა მისი დანერგვა. ჩვენ ვიქნებით პარტნიორები და გვინდა წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში, რომ ქვეყანამ ყველა შეთანხმება წარმატებით გამოიყენოს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.