ვიცე-სპიკერის კვოტები, სავარაუდოდ, ხელახლა გადანაწილდება

ვიცე-სპიკერის კვოტები, სავარაუდოდ, ხელახლა გადანაწილდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კვოტები, სავარაუდოდ, ხელახლა გადანაწილდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, კვოტები რეგლამენტის თანახმად და ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გადანაწილდეს, რაზეც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმუშავებს.

"რაც შეეხება ვიცე-სპიკერის საკითხს, ვთქვით, რომ მიმდინარე კვირას არ იქნება ამ საკითხზე რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიღებული. ჯერ ხელახლა განისაზღვრება კვოტები. საპროცედურო კომიტეტმა უნდა იმუშაოს, რომ კვოტების გადანაწილება მოხდეს რეგლამენტის თანახმად, ახალი რეალობის გათვალისწინებით. რეგლამენტის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კვოტები", - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ მიუბრუნდება.

გასულ კვირას, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. უმრავლესობის კვოტით პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე იკავებს.