თამარ ბერუჩაშვილმა იცის, რა არის გასაკეთებელი საგარეო სფეროში, მან ზუსტად იცის, რა ამოცანების და გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის წარდგენის დროს განაცხადა.
"საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილს წარმოვადგენ. მნიშვნელოვანი იყო, უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი შეგვერჩია. თამარმა იცის, რა არის გასაკეთებელი საგარეო სფეროში. მან ზუსტად იცის, რა ამოცანების და გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპული არჩევანი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ურყევი ნება და დარწმუნებული ვარ, ბერუჩაშვილი თავის წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თამარ ბერუჩაშვილს დიდი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და საჯარო სფეროში მუშაობის კუთხით. "მნიშვნელოვანია, რომ იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მინისტრის მოადგილედ. ქალბატონ თამარს აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის თემებზე მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება. თამარ ბერუჩაშვილს იმ წარმატებაში, რასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროპული კუთხით, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. საგანგებო და სრულფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი აქვს მინიჭებული, აკადემიურ საქმიანობაში. ევროპაში მიწვეული სტატუსით კითხულობდა სამაგისტრო ლექციებს. იმედი მაქვს, თავს გაართმევს ასეთ საპასუხსიმგებლო საქმიანობას და წარმატებებს ვუსურვებ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.