თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. გარემოს დაცვის კომისია დღეს სხდომაზე ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავდა, რომელიც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაფუძნებულია. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხის განხილვამ მხარეებს შორის დაძაბულობა და კამათი გამოიწვია. სხდომაზე ნაჩვენები იყო ორი ვიდეომასალა – ერთი, რომელიც გადაღებული იყო მოსახლეობის მიერ და ასახავდა ელიზბარაშვილის კუთვნილი თავშესაფრის გარშემო არსებულ სიტუაციას, ხოლო მეორე გადაღებული იყო აღსრულების ბიუროს მიერ, როგორც იურიდიული ფაქტის კონსტანტაცია. მასში ნაჩვენებია თავშესაფრის კედელთან დამარხული ძაღლები.
მოსახლეობამ სხდომაზე აღნიშნა, რომ შეწუხებულია თავშესაფრის ძაღლების ყეფით, სუნით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავშესაფრის გარეთ თავს იყრიან მაწანწალა ძაღლები. თავშესაფრის მესვეურები კი აცხადებენ, რომ მათი ძაღლები არ არიან და თავშესაფარში არ შეყჰავთ.
სხდომაზე კონფლიქტი ელიზბარაშვილის ვაჟიშვილსა და სანაძის ქუჩის (სადაც თავშესაფარი მდებარეობს) ერთ-ერთ მცხოვრებს შორის მოხდა. ელიზბარაშვილის შვილი მოქალაქე ტარიელ ჭანტურიას ხელით შეეხო.
მოქალაქეების ადვოკატი ნოდარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფრის ამ ქუჩაზე დატოვების წინააღმდეგია 14 ოჯახი და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 100 წევრი. ისინი აპირებენ, რომ თუ პრობლემა საკრებულოს დონეზე არ გადაწყდება, სასამართლოსაც მიმართონ. სხდომაზე თავისი პოზიცია ასევე დააფიქსირეს ძაღლების უფლებათადამცველებმა. ისინი აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სრულიად უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს და უვლის უპატრონო ძაღლებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.
პარალულურად, თბილისის საკრებულოს შენობასთან დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სვანიძის ქუჩაზე არსებული თავშესაფრის დირექტორმა თეიმურაზ მამოევმა განაცხადა, თავშესაფარი 2004 წლიდან ფუნქციონირებს, დღეისთვის იქ 400 ძაღლი, 8 დათვი და 1 ტურაა. თავშესაფარს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს და უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემა მხოლოდ 2-3 მეზობლის მიერ არის გამოწვეული, რომლებიც ძაღლების ხმაურისგან შეწუხებულები არიან.
თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა, გარეთ აქციაზე გასვლისას განაცხადა, რომ სხდომაზე პროვოკაცია მოუწყვეს. ჟურნალისტებთან ელიზბარაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.