1-ელი სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერს პენსია 10 ლარით გაეზრდება

1-ელი სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერს პენსია 10 ლარით გაეზრდება

2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და 1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. ხადური აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა. მან დეპუტატებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები გააცნო.

"დღეს ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის,  მთავრობამ მიაწოდა უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია, რომ მომავალ წელს, 1-ელი სექტემბრიდან პენსია გაეზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით,  ანუ 2015 წელს პენსიების ზრდა აღარ მოხდება სოციალური კატეგორიის მიხედვით, არამედ ის ყველა პენსიონერისთვის გაიზრდება. ამავე დროს 2016 წელსაც გაგრძელდება ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის ზრდის პროცესი", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამ განაპირობა ბიუჯეტის პარამეტრების გაზრდა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ეს მხოლოდ გადასახადების ხარჯზე მოხდა.

"ანუ ეკონომიკური ზრდა აისახა ბიუჯეტზე", - აღნიშნა ხადურმა.

პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, პარასკევს განიხილავს.