ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ნინო გოგუაძეს აინტერესებს ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც, საპარლამენტო პოსტებიდან მისი პარტიის წევრების გადაყენება მოხდება.
"რადგან ეს პოლიტიკური პროცესია, ჩვენ განცხადებებს არ დავწერთ, გადაგვაყენონ და ძალიან მაინტერესებს ის არგუმენტები, რომლითაც დავუშვათ ევრონტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვიქტორ დოლიძეს გადაააყენებენ“, - განაცხადა გოგუაძემ.
თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძე აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მიერ შეფასებულია, როგორც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი უმრავლესობის მხრიდან, ამიტომ რა ვქნათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამის საშუალებას რეგლამენტი აძლევს“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრება. სხდომაზე სხვა თემებთან ერთად, ზურაბ აბაშიძის პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გუშინ აცხადებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა რეგლამენტით განსაზღვრულია უმრავლესობის კვოტა ვიცე-სპიკერის პოსტთან დაკავშირებით და ეს საკითხი გადასაწყვეტია.