ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს და, დეპუტატების გარდა , ესწრებიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, ისინი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს განიხილავენ. საკითხს სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

"ბიუჯეტი იქნება პირველი რიგის საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ. გვინდა, ეს თემა უმრავლესობის ფორმატში შევაჯეროთ, თუმცა შეიძლება სხვა, პოლიტიკურად საყურადღებო საკითხებზეც იყოს საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ მოხდება მსჯელობა კომიტეტების თავმჯდომარეების ან ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხზე, ბესელიას ვარაუდით, აღნიშნულს დღევანდელ შეხვედრაზე არ განიხილავენ.

"წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დროებით გადავდოთ ეს საკითხი, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის ყოფნა-არყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ასრულებს ის თავის ვალდებულებას", - აღნიშნა ბესელიამ.

დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დეპუტატმა გოგი თოფაძემაც. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში არის რამდენიმე თემა, რომელსაც "შესაძლოა,  გადახედონ", თუმცა  რა საკითხებზეა საუბარი, თოფაძეს არ დაუკონკრეტებია.

"დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ", - აღნიშნა თოფაძემ.