ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღებაზე იმსჯელებს

ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღებაზე იმსჯელებს

ევროკავშირი მომავალ კვირას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

"მომავალ კვირას ბრიუსელში მინისტრების დონეზე შეხვედრა გვექნება, სადაც განვიხილავთ არა მხოლოდ სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ, არამედ როგორ აღმოვუჩინოთ თანადგომა უკრაინას ამ რთულ ვითარეაში", - განუცხადა ჟურნალისტებს ფედერიკა მოგერინიმ.

ახალი სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი 12 სექტემბერს დააწესა. ახალი სანქციები შეეხო ნავთობმრეწველობას და თავდაცვით კომპლექსს.