"თავისუფალი დემოკრატები" კომიტეტების თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ ვაპირებთ

"თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნორმალურად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ იქ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ეს საკითხი დადგება გადაწყვეტილება პარლამენტმა უმრავლესობით, 76 ხმით უნდა მიიღოს. რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის საკითხს, ონოფრიშვილის განმარტებით, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების ვალდებულება არ არის და უმრავლესობას შეუძლია თემა თავად გადაწყვიტოს.

პარლამენტში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები სამ კომიტეტს ხელმძღვანელობენ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა დავით ონოფრიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, ხოლო ვიცე-სპიკერის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებს.