საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძემ ლექცია წაიკითხა ვირჯინიის უნივერსიტეტში, სადაც განხილული იქნა გლობალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველო - რუსეთის ურთიერთობები.
ლექციაზე თედო ჯაფარიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი საშინაო და საგარეო გამოწვევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი ურყევია და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. იგი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერობებს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების პერსპექტივებს და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეგრეთწოდებულ „მოკავშრეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაზე", რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე.
თედო ჯაფარიძემ ლექციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია გახდება სტაბილურობის გარანტი მთლიანად კავკასიის რეგიონში, რაც მისაღები უნდა იყოს რუსეთისთვის. სტაბილურობა და უსაფრთხოება, რეგიონული თანამშრომლობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განუყოფელია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამ მხრივ დასავლეთის ქვეყნების რეალური დახმარება აუცილებელი იქნება და თვით დასავლეთიც არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ „ხისტი განცხადებებით" და შეეცადოს გამონახოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, გლობალური უსაფრთხოება, საქართველოს როლი რეგიონში და მისი სამეზობლო პოლიტიკა იყო ის თემები, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა.
ბატონმა თედო ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ვირჯინიის უნივერსიტეტს მიწვევისთვის და ლექციის ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა რომ ინტერესი სამეცნიერო და პრაქტიკული დიპლომატიის დონეზე კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე მეტად რთული პროცესების განვითარებაში წინსვლას, რაც უმთავრესად უკავშირდება კონფლიქტის საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დარეგულირებას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები, მათ შორის აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივნებთან კოლინ პაუელთან, მადლენ ოლბრაიტთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. აშშ-ში ვიზიტი გაგრძელდება 15 ნოემბრამდე.