როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მან მიმართა პარლამენტს, რათა ფემიციდი განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია, მოეწვია მთავრობის წარმომადგნელები, თუმცა ომბუდსმენის მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ ოქტომბერში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გაამახვილა.
„17 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა. როგორც აღმოჩნდა, ამ ტრაგიკულ დღემდე რამდენიმე ხნით ადრე მან დახმარების თხოვნით სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სამართლიანად არ მეჩვენება ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ უწყებას დავაკისრო. ქალთა მკვლელობების გახშირებული ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით. ჩვენ ყველამ ერთად ვერ დავიცავით ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა თბილისში, ლამბალოში, დვაბზუში, ზესტაფონში, ქუთაისსა და კიდევ ბევრ ადგილას. ბოლო 6 თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის საფუძველზე 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. ამ საშიში ტენდენციის მასშტაბები საგანგაშოა და ხელისუფლების ორგანოებს გადამჭრელი ზომების მიღება მართებთ“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილის განცხადებით, მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, რათა საკანონმდებლო ორგანოს ფემიციდი განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია, მოეწვია მთავრობის შესაბამისი წარმომადგნელები, ემსჯელათ მიზეზებზე, დასახულიყო მოქმედების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, თუმცა მიმართვაზე გამოხმაურება ომბუდსმენს დღემდე არ მიუღია.
„მიუხედავად ცალკეული სტრუქტურების მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისა, აშკარაა, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ხედვა არ გვაქვს. ჯერ კიდევ მაისში შევთავაზე მთავრობას შეემუშავებინა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, თუმცა პროცესი გაჭიანურდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც მთავრობა პრობლემის აღიარებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადავა, რაშიც საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება.