იანოშ ჰერმანი გიორგი მღებრიშვილს შეხვდა და სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო

იანოშ ჰერმანი გიორგი მღებრიშვილს შეხვდა და სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ნაყოფიერი  საქმიანობა უსურვა და ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ გეგმაზე, რომელიც სისტემის ევროსტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.

გიორგი მღებრიშვილმა იანოშ ჰერმანს დაგეგმილი ძირეული რეფორმაც გააცნო, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროსთან ინტეგრირებას ითვალისწინებს. მინისტრმა რეფორმის ოთხი კომპონენტი გამოყო:

მართვის სისტემის გაუმჯობესება და მმართველი რგოლის კონსოლიდაცია.

მწყობრი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

უსაფრთხოების სტარდატების ამაღლება და ევროპულთან მიახლოება.

რეაბილიტაცია-რესოციალიაზაციის პროგრამების გაძლიერება და გაფართოება.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელების აუცილებლობას და აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის თანადგომის იმედი გამოთქვა:

„ასოცირების შესახებ შეთანხმება და დღის წესრიგი ევროკავშირთან მoმავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამდენად, ზემოაღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ დიდი და ამბიციური პროექტები გვაქვს, რომლებსაც იმედი მაქვს ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობით წარმატებულად განვახორციელებთ და სასჯელაღსრულების სისტემას ევროპულ სტანდარტებს მივუსადაგებთ. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“.

 

ევროკავშირის ელჩმა ასოცირების ხელშეკრულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ მიმართულებებზე და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “ბატონ მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, სამინისტროსთან ერთად რიგ პროგრამებს ვახორციელებთ და სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. განსაკუთრებით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ძალიან მალე გვექნება ასოცირების პირველი საბჭოს სხდომა, რომელშიც განისაზღვრება ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება და სწორედ ამ კონტექსტში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უფრო დეტალურად გაგვეცნო არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ სამინისტროს მუშაობას და მოუთმენლად ველით უფრო აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას”.

შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი ესწრებოდნენ.