"მეც იგივე შეკითხვები დამებადა, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს"

ყოფილი თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეკითხვები თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ლეგიტიმურია.

როგორც შაშკინმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პასუხი მარტივ კითხვებს უნდა გასცეს. „მე ყურადღებით ვუსმენდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს. შეკითხვები,რომლებიც დაისვა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. საქმე გვაქვს ბევრად უფრო მარტივ ქეისთან, ვიდრე გვგონია. შეკითხვები, რომლებზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, მარტივია და მეც იგივე შეკითხვები დამებადა, როდესაც ამ შესყიდვის შინაარსობრივი მხარე მოვისმინე“, - განაცხადა შაშკინმა. მისი თქმით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მარტივ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. „პირველი შეკითხვაა, თუ რატომ იყო წინმსწრებით გადახდილი კონტრაქტის თითქმის 100%. მე 4 წლის განმავლობაში 3 უწყების მინისტრი ვიყავი. ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავანსის სახით 50%-ზე მეტი იყო გდახდილი. მე ასეთი შემთხვევა არ მქონდა. ავანსს ხომ ავანსი ჰქვია? საზოგადოება, როგორც მინიმუმუმ, ღირსია მოისმინოს განმარტება, თუ რით იყო განპირობებებული წინმსწრებად 100%-იანი გადახდა. ასეთი რამ სახელმწიფო შესყიდვებში არ ხდება. მეორე შეკითხვაა, თუ რატომ იყო შეკვეთილი კონკრეტული სერვისი იმ კომპანიისთვის, რომელსაც ამ სერვისის განხორციელება ნულიდან უხდებოდა და საქართველოში არსებულ მეორე კომპანიას ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა. მომზადებული ჰქონდა ეს სერვისი და უფრო ადრე მიიღებდი შედეგს“, - აღნიშნა შაშკინმა. კითხვაზე, იყო თუ არა ირაკლი ალასანია ამ შესყიდვების შესახებ უშუალოდ საქმის კურსში, შაშკინმა ასე უპასუხა: „როდესაც მე თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, გავეცი ბრძანება, რომ ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც 5000 ლარს აღემატებოდა, უშუალოდ მინისტრთან თანხმდებოდა. არ ვიცი ეს ბრძანება არის თუ არა ისევ ძალაში“, - აღნიშნა მან.