მინდა გითხრათ, რომ თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება თქვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტრული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
რიჩარდ ნორლანდის განმარტებით, საქართველო მარტო არ არის იმ საქმეში, რასაც უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა ჰქვია.
"ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვან თავიანთი საზღვრების სუვერენიტეტი და უზრუნველყონ თავიანთი საზღვრების დაცულობა. ეს მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველა ქვეყანა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როდესაც სხვადასხვა ადამიანები ცდილობენ ჩამოიყვანონ არალეგალური ჯგუფები, განახორციელონ ტრეფიკინგი და შესაბამისად არსებობს კონტრტერორიზმის საფრთხე. ეს არის საფრთხე, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წინაშე დგას. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან უსაფრთხოებისთვის და სწორედ ამიტომ ხორციელდება სხვადასხვა პროექტი. საქართველო არ არის მარტო იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ საფრთხეს. ამერიკის შეერთებული შტატები კმაყოფილია და ამაყობს იმით, რომ საქართველოს პარტნიორია და ეხმარება თქვენს ქვეყანას გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მინდა გითხრთ, რომ თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება თქვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორულ ურთიერთობებზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, ის მიესალმება ყველა ადამიანს ვინც ჩართულია საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
"ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოსთან და ძალიან მალე საქართველოს საზღვრები შეიძლება გახდეს ევროკავშირის საზღვრები, აქედან გამომდინარე, არის ერთიანი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვნახოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ყველასთვის იქნება მისაღები. მინდა მივესალმო ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აღნიშნა ნორლანდმა.