"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელის, სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, ავსტრიაში საქართველოს ელჩმა , კოტე ზალდასტანიშვილმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს.
როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილი კადრების ნაკლებობა არ არის. მისივე აზრით, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურა განიხილება.
"ეს არის ჩემი ანალიზი, ალასანიას შემთხვევის მსგავსად, ჩემთვის ჩიტს ჯერ ამბავი არ მოუტანია. თამარ ბერუჩაშვილი, შეიძლება მოვიაზროთ ყველაზე მდიდარი ბიოგრაფიის მქონე დიპლომატად ევროპული მიმართულებით. მე მას ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ ის უფრო ადრე დაკავდა ევროპული პრობლემებით, ვიდრე შუმანი გადაწყვეტდა ევროკავშირის შექმნის იდეის წარმოჩენას. მას უდიდესი გამოცდილება და მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროკავშირის სხვადასხვა თაობის ხელისუფლებაში. მას ეს ძალუძს, რამდენად მოქნილი პოლიტიკოსი იქნება, ჩემთვის უცნობია, რადგან როგორც პოლიტიკოსს, მას არ ვიცნობ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.