საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლით, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალსიტებს განუცხადა, ის ყველა ოპოზიციური პარტიის გააქტიურებას მიესალმება.
"ყველა ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებაში. ჩვენ მივესალმებით ყველა ოპოზიციურ პარტიას. მათ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან და იქნებიან ლოიალური "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რაც ძალიან კარგია. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის გააქტიურებას მივესალმებით, უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკური ცხოვრება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.
"საკითხი გადაწყვეტილი არ არის. კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრობის ახალ კანდიდატებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამთავრობო დელეგაცია ამისთვის სერიოზულად ემზადება.
"ბრიუსელში, სადაც სამთავრობო დელეგაცია მიემგზავრება იგეგმება სერიოზული შეხვედრები. ეს არის ევროკავშირ-საქართველოს დელეგაციების პირველი შეხვედრა. ამიტომ ჩვენ სერიოზულად ვემზადებით. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი", - აღნიშნა პრემიერმა.