რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ერთ წელიწადში გააკეთა ალექსანდრე ჭიკაიძემ

რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ერთ წელიწადში გააკეთა ალექსანდრე ჭიკაიძემ

დიდი სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის განმავლობაში რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რითაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ბოლოდროინდელი განცხადებებითა და ქმედებებით მთავრობის ყოფილმა წევრებმა რეალურად ჩამოიხსნეს ნიღაბი და საკუთარი სახე გამოაჩინეს.

"გუშინ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი. აი, თურმე რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს ძალიან არასერიოზული შეფასებაა მათი მხრიდან. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი ემსახურათ სახელმწიფოსთვის. მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე. თვითლუსტრირება მოახდინეს. დიდი სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი. ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები და ქმედებები, რაც განახორციელა მაია ფანჯიკიძემ, ირაკლი ალასანიაზე აღარ ვლაპარაკობ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა უშუალოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ალასანიამ ვერ შეძლო 2 წლის განმავლობაში სამხედროების კვების საკითხის მოწესრიგება, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ წელიწადში უზრუნველყო.

"სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა 1 წელიწადში – კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის მანძილზე და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი? პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცეებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ხალხისთვის. ეს არის ჩემთვის მთავარი", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.