მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას მისამართით მის მიერ გაკეთებულ შეფასებებს და ამ შეფასებებზე მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პირდაპირი ადამაინია, საჯაროდ ტყუილის თქმას კი, არასდორს იკადრებს.
"მე ზოგადად მიყვარს პირდაპირი საუბარი. ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა არასდროს ვკადრულობ ტყუილს და არასდროს ვამბობ მას საჯაროდ. მეორე საკითხია რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა – მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო. საერთო ჯამში, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო",, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ალასანიას მიმართ გააკეთა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი ტონით ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო.
"პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა, - თუ გნებავთ ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო. მეც მქონია ისეთი აქცენტები, რაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ირაკლის ახალგაზრდობით მეტი შეეშალა", - განაცხადა ივანიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას ”ავანტიურისტი” და ”უჭკუო” უწოდა.