საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრების ურღვევობა, სახელმწიფოებრიობა, მესაზღვრეების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტ ალექსანდრე ჭიკაიძეს, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს და სახელმწიფო საზღვრის დამცველებს.
"ჩვენი საზღვრების ურყევობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმე, პასუხისმგებლობაზე და თავგანწირვაზე", - მიმართა პრემიერმა მესაზღვრეებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს და აშშ-ის მიერ გაწეული დახმარებისთვის მალდობა გადაუხადა.
"სულ ახლახანს სამხედრო- საზღვაო ძალების გემების საქართველოში მეგობრული ვიზიტის დროს, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გავაცანით საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობის წვლილი. სწორედ აშშ-ის დახმარებით აღიჭურვა სასაზღვრო პოლიციის საზღვრის მართვის სისტემის კავშირგაბმულობა თანამედროვე ტექნიკით და დასრულდა მონტაჟი. ეს გაცილებით ეფექტიანს და მოქნილს გახდის სახელმწიფო საზღვრის ოპერატიულ მართვას. ეს იქნება მართვის და კონტროლის იმ გლობალური სისტემის საფუძველი, რომლის იმპელემენტაციასაც ჩვენი მთავრობა ახლო მომავალში გეგმავს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2014 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 სასაზღვრო სექტორი. ესენია: 2 სასაზღვრო სექტორი თურქეთის საზღვარზე, 3 – სომხეთის საზღვარზე, 2 - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და 3 – საქართველო- რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. პრემიერს განცახდებით, ჯამში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.