ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ

ლევან სამუშია - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს, საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. 

ბრალდებულების დამცველი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დროს მაქსიმალურად გაწელავს და საქმეს გრიფი არ მოეხსნება. 

"პროკურატურის განცხადების გარდა, რომ შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა საქმის მასალები, სხვა არაფერი ვიცით. ერთგვარი პინგ-პონგის თამაში მიდის. ვფიქრობ, პროკურატურა დროს მაქსიმალურად გაწელავს და საბოლოოდ ალბათ საქმეს გრიფს არ მოხსნიან. ამ საქმეზე გრიფის მოხსნის შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, პროკურატურას ეს არ აწყობს. პროკურატურა თუ საქმის მასალებს არ გადმოგვცემს, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას, ვერ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს და ვერ ჩავატარებთ შესაბამის ექსპერტიზებს, საქმის გადმოუცემლობის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის", - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, პროკურატურა ვალდებულია ბრალდების წარდგენისას დაცვის მხარეს გადასცეს საქმის მასალები, საქმის მასალების გადაუცემლობის შემთხვევაში კი, როგორც ადვოკატი განმარტავს, რაც პროკურატურას მოპოვებული აქვს, დაუშვებელია. "ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რაც სასამართლომ დაუშვებლად უნდა სცნოს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, "ვისაც არ ეზარება, ტელევიზიით ყველა ამჟღავნებს საიდუმლო საქმეზე საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ამ დროს კი, ადვოკატებს საქმის მასალებს არ გვაძლევენ".
მთავარმა პროკურატურამ 6 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები გადაუგზავნა. 

პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს. "ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს. 

მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის საკითხზე", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.