არც

არც "ნაცმოძრაობაში" ვყოფილვარ და არც ჩუმად ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან

არც"ნაციონალურ მოძრაობის" პარტიაში არ ვყოფივარ, არც მათთან ერთად ბიზნესი არ მიკეთებია, არც დამიფინანსებია, არც ჩუმად არ ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ე.წ გასაღებთან დაკავშირებილ კანონპროექტზე და ვეტოზეც ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩემდამი შეფასებას, ეს არის უკვე საქმიანი დიალოგი, აქამდე ჩვენს შორის იყო ხოლმე ძირითადად რაღაც მითხრა, ვუთხარი- ჭორის ფორმით. ეს არის ჩემთვის მისაღები საქმიანი კრიტიკა ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუღებლობა და ვალდებული ვარ, როგორც ბიძინა ივანიშვილს ასევე სხვა მოქალაქეებს ვუპასუხო. კანონპროექტს ვეტო დავადე იმიტომ, რომ ასე მიმაჩნდა სწორად, გადაწყვეტილება იყო რთული. ამ ვითარების გარკვევაში ბოლო 6 თვე ჩართული ვიყავი და ვხდებოდი ჯგუფებს, რომლებიც ამაში ჩართულები იყვენ. ეს ვეტო დასაბუთებული იყო 16 ფურცელზე, რომელიც გიორგი კვერენჩხილაძემ წარმოადგინა. ეს ვეტო მხარდაჭერილი იყო პოლიტიკურ სექტორში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა დაახლოვოს საზოგადოება და სამართალდამცველები ერთმანეთს.

"ჩვენ, მთელი ჩვენი ცხოვრება ამას ვაპროტესტებდით, 2 წელი გავიდა, შეიძლება პირველ ექვს, ცხრა თვეში ვერ დაამთავრო, მაგრამ 2 წელიწადში უნდა შეცვალო სისტემა. ჩემი ღელვა არა მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, არამედ სახელმწიფოდან გამომდინარეც, თუ მოქალაქე არ ენდობა თავის სამართალდამცავს, მაშინ გადავდივართ ისევ იგივე რეჟიმში, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების და "ნაციონალური მოძრაობის" ფიქრები ერთმანეთს ემთხვევა.

"რაც შეეხება ამ თემის ამათუ იმ ფორმით წამოწევას, არც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ვყოფილვარ, არც მათთან ერთად ბიზნესი არ მიკეთებია, არც დამიფინანსებია, არც ჩუმად არ ვყოფილვარ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან. სააკაშვილი ჯერ არ იყო პრეზიდენტი, როდესაც ჩემსა და ზურა ჟვანიას შორის სერიოზული განხეთქილება მოხდა, როდესაც გადაწყდა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს წინ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ვიზიტებსა და მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კანპონპროექტს ვეტო დაადო, რადგან "ვეტოს დადება უნდოდა". ივანიშვილის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება, პოზიცია ვეტოს გარეშე დაეფიქსირებინა.

"მას უნდა, აჩვენიოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია. მე პარალელს ვაკეთებ ვეტოსა და მის ბოლო ვიზიტთან ავსტრიაში. როგორც წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების გაერო-ს მეორე კონფერენციაზე - საბედნიერეოდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო. ჩემი აზრით, ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა, როგორც ვიზიტი ვიზიტისთვის, რადგან მას ვიზიტები მოსწონს და ბევრი სკანდალები გააკეთა, ამგვარას იყო ვეტო ვეტოსთვის. მან განაცხადა, რომ კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტთან, ეს საბუთდება. არც ერთ მოვლენაზე, რომელზეც მე გავაკეთე აქცენტი არც ერთზე ახსნა არ მიუციათ არც მას და არც მის ადვოკატებს. პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზე გავაკეთე აქცენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებსო, როგორ გაბედაო, ამბობენ მისი ადვოკატები. კითხვაზე ახსნა არავინ გააკეთა, რომ იქ 2-3 მლნ ზედმეტი იხარჯება წელიწადში. მეორე - პროკურატურის სამჯერ თხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის უკანონოდ დადებული გრიფი არ მოუხსნა, ვიდრე საჯარო არ გახადა პროკურატურამ –ეს ყველაფერი, გაგებით თუ გაუგებლად, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში ჯდება მთლიანად – ეს სასახლეში შესვლა, გრიფის არ მოსხსნა, კონკურენციაში ყოფნა მთავრობასთან. არ მაქვს დიდი ეჭვი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის" , - განაცხადა ივანიშვილმა.