ბოლო ორ წელში არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ შსს ვინმეს უკანონოდ უსმენს

ბოლო ორ წელში არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ შსს ვინმეს უკანონოდ უსმენს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების საკითხის გადაწყვეტისას შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი არ უნდა დაკნინდეს.

როგორც ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ.

"როცა საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია ან ესა თუ ის კანონი, ყოველთვის ვამბობდი – არ გამოიგონოთ ახალი ველოსიპედი, 2-3 ევროპული ქვეყანა მაინც დამისახელეთ, სადაც მსგავსი რამ არსებობს-თქო. სხვანაირად თემის განხილვასაც არ ვიწყებდი. ამ შემთხვევაშიც, საქართველომ არ უნდა გამოიგონოს ახალი ველოსიპედი, სად უნდა იყოს გასაღები. საქართველომ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი ვარიანტი იქედან, რისი პრაქტიკაც არსებობს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ე.წ. გასაღები. სხვათაშორის, ამის პრეცენდენტები უფრო მეტია, ვიდრე იმის, რომ გასაღები შსს-ს ხელში იყოს, თუმცა პრაქტიკაში ამ უკანასკნელის მაგალითებიც არსებობს. ასე რომ, არჩევის საშუალება არის, თუმცა ნუ გვავიწყდება რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. შსს-ს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ბალანსი უნდა არსებობდეს. დღეს მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, მათ შორის ვერც ამერიკას და ვერ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეს არ ჰქონდეს მსგავსი შფოთვა, რომ მას უსმენენ. ეს პრობლემები არ არის იქაც უკეთ, ვიდრე ჩვენთან. ე.ი. ამ მხრივ საქართველო არ არის უარესი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ შსს ვინმეს უკანონოდ უსმენს.

"ჩვენ დიდი ანგარიში უნდა გავუწიოთ შსს-ს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, რეგიონი ძალიან მძიმე, ამიტომ როცა ხელაღებით ამბობ, რომ შსს-მ შენს ჭკუაზე გაიაროს, იქ ეჭვები ჩნდება, რომ გინდა მისი დაკნინება, ამ დროს შსს ძალიან ეფექტურად მუშაობს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.