ირაკლი ალასანია:   ილუზია არ აქვს, რომ მთავარი პროკურორი დამოუკიდებლად მოქმედებს

ირაკლი ალასანია: ილუზია არ აქვს, რომ მთავარი პროკურორი დამოუკიდებლად მოქმედებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ილუზია არ აქვს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი დამოუკიდებლად მოქმედებს.

ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ გიორგი ბადაშვილი გამოყენებული იქნა ინსტრუმენტად, იმ მიმართულებაზე დარტყმისთვის, რაც ყველაზე დიდი და მტკიცე ჯაჭვია ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

"მე არასდროს არ მითქვია, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია გზას. ეს არის შეფერხების მცდელობა, როდესაც ნატოში უნდა დაწყებულიყო განხილვები არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის, ეს სწორედ იმ დღეს მოხდა. მე გამახსენდა, რომ ეს ზუსტად ის ჯგუფია, რომლებიც იმ პერიოდში არ იყვნენ პროკურატურაში და იყვნენ ფინანსურ პოლიციაში, რომელებმაც ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის დროს, დაახლოებით ერთი წლის წინ, მოახდინა მასობრივი დაკავებები, რამაც საერთაშორისო თანამეგობრობაში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია", _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ გიორგი ბადაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს. ალასანიას თქმით, შეფასების გასაკეთებლად, თუ რომელი ჯგუფი და რა ძალა მოქმედებს, მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, რათა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.