არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია

არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია

ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში არავითარი პირადული ინტერესი არ მაქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამის თაობაზე საუბარი მასსა და ირაკლი ალასანიას შორის ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზეც შედგა.

"ძირითადი დრო, რაც წაიღო ირაკლისთან შეხვედრამ არის ის განცდა, რომელიც არსებობს და რომელიც მისი ახლობლების განცხადებებიდანაც ჩანს იმის თაობაზე, რომ პირადული ინტერესები აქვს ივანიშვილს. მე მგონია, შევთანხმდით, რომ მე არავითარი პირადული არ მაქვს ირაკლისთან. რა თქმა უნდა, კითხვები მქონდა, მათ შორის მწვავე კითხვები, რადგან იყო გადაცდომები, მაგრამ არავითარი პირადული არ არსებობს. მე, როგორც მოქალაქეს, თანაბარი დამოკიდებულება მაქვს ყველა პოლიტიკოსთან. არ არსებობს ჩემთვის ფავორიტი და ლიდერი. ლიდერი და ფავორიტია ჩემთვის ის, ვინც სწორად ემსახურება ჩემს ქვეყანას. ღარიბაშვილს მოუვა შეცდომები? გარწმუნებთ, რომ პირველად მე გავაკეთებ რეაქციას. არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა მიხარია", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციიდან გასვლის შესახებაც ისაუბრა და ეჭვი გამოთქვა, რომ ალასანიას გუნდი ამისთვის საბაბს ეძებდა.

"მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეძებდნენ საბაბს. პროკურატურა დაახლოებით 5 თვეა, რაც შევიდა თავდაცვის სამინისტროში, განცხადება კი იმის შესახებ, რომ დღეს გაიმართებოდა ყრილობა, გაკეთდა 2 თვით ადრე. იქვე ითქვა, რომ ალასანია აირჩეოდა თავმჯდომარედ. ცოტა ნონსენსია, ცოტა არ ჯდება, როცა თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ უნდა გადავიდეს. არაკორექტულია ეს. ცოტა უცნაურია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.