ალასანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს

ალასანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს

ირაკლი ალასანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში განაცხადა.

მისივე შეფასებით, "თავისუფალ დემოკრატებს" კოალიციიდან გასვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

"საფუძველი იმისა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" გასულიყვნენ კოალიციიდან, არ არსებობდა. მათ შეცდომა დაუშვეს. ამ შეცდომებს სწორი შეფასებები მიეცემათ. ბევრი აქცენტი ყირაზე დგას დღეს და ამას ახერხებს "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "რუსთავი 2"-ით. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ეს პროცესები გაგრძელდება. ვაკეთებ გაფრთხილებას, რომ არ გაგრძელდება. მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება. საზოგადოებამ ბევრი რამ ისწავლა, ჩვენც დავეხმარებით ანალიზის გაკეთებაში", - განაცხადა ივანიშვილმა.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" დიდი როლი ითამაშეს იმ გამარჯვებაში, რასაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია.

"კოალიციიდან გასვლა არაა ტრაგედია, ჩემთვის ყველაზე ცუდი, რაც მოხდა არის ის, რომ ჩვენს თანამებრძოლებთან დაშორება, გაყოფა მოხდა მცდარი ნაბიჯების საფუძველზე. "თავისუფალმა დემოკრატებმა" ძალიან დიდი როლი ითამაშეს პროცესში, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მე ალასანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მცდარი ნაბიჯების საფუძველზე მოხდა ასეთი გამოყოფა. მათ მცდარი გზით წაიყვანეს პროცესები. თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი გაერთიანდა, რომ ძალა ეჩვენებინა. ვისთვის უნდა ეჩვენებინათ ძალა? პროკურატურა არის ორგანო, რომელმაც სამართალი უნდა მოითხოვოს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება ალასანიას მოსაზრებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება საფრანგეთსა და გერმანიაში მისი ვიზიტების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ივანიშვილის თქმით, საქმის კურსში არ არის, რა შეთანხმებები იქნა მიღწეული.

"არ ვიცი, თუ რამეს აკეთებდა გამოვიდეს და თქვას. რა ხდებოდა ასეთი საოცარი?", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.